ჩვენს შესახებ

ქართული საკვირაო სკოლა ჩამოყალიბდა 1996 წლის ნოემბერში. ამას წინ უძღოდა  კულტურულ-საქველმოქმედო ფონდ „სამშობლოს“ დაფუძნება, რომელსაც დაეკისრა ქართული სათვისტომოს შეკავშირება. ფონდის დამაარსებლები გახდნენ საქართველოს საელჩო უკრაინაში და კიევის ქართული საზოგადოების აქტიური წევრები: მევლუდ ხურციძე,  ალექსანდრე მოლოვიჩკო, ანატოლი მილჩენკო, გია ჯოჯუა, ვასო ბერულავა, ირაკლი მუნჯიშვილი, დავით თოდუა.  სწორედ  ფონდ  „სამშობლოს“ მონდომებით  შეიქმნა  ქართული  საკვირაო  სკოლა,  მასწავლებლებიც  მალე  გამოჩდნენ – როზა არობელიძე,  ნანა ღონღაძე, ამირან ბეჟუაშვილი, ალექსანდრე მოლოვიჩკო.

 

ქართული დიპლომატიური კორპუსის პირველი შემადგენლობის როტაციის შედეგად 1998 წლიდან შემცირდა მხარდაჭერა საელჩოს მხრიდან, იმავდროულად შეწყვიტა ფუნქციონირება კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა „სამშობლომ“. აქედან გამომდინარე პრობლემათა მთელი სიმძიმე დააწვათ როზა არობელიძესა და საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე ამირან ბეჟუაშვილს. სპონსორულ ყურადღებას ამ წლებში საკვირაო სკოლას არ აკლებდნენ ქალბატონი ლალი კილაძე და ბატონი ვასო ბერულავა.

 

2000  წლიდან  კი  სკოლაში უკრაინის  შინაგანი ჯარების ეროვნული აკადემიის   სტუდენტებმა,  ლევან ჭუბაბრიამ და ზაზა ზაზაძემ, ქართული  ცეკვის  წრე   ჩამოაყალიბეს.  გახალისდა  სკოლა, გაიზარდა  როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა კონტინგენტი. ქართულ ენასა და საქართველოს  ისტორიას  ცნობილი ქართველი  მწერალი გურამ პეტრიაშვილი ასწავლიდა.

 

2003  წლიდან  საკვირაო სკოლის მუშაობაში დაწყებითი კლასების  პედაგოგი, ფსიქოლოგი  ნათია რობაქიძე  და ქართული ცეკვისა და სიმღერის  პედაგოგი   მანანა სულაქველიძე  ჩაერთვნენ.   

 

2004 წლის 19 სექტემბრის უკრაინის კანონის შესაბამისად, საკვირაო სკოლა რეორგანიზებულ იქნა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. ცენტრს სახელად „იბერიელი“ ეწოდა. სკოლამ  მრავალფუნქციური  სახე  მიიღო  და  მაღალპროფესიონალური  სკოლის დონეზე გააკეთა  განაცხადი. გაღრმავდა  ქართული ენის სწავლება. ქართულ ენასა  და  ლიტერატურასთან  ერთად  ბავშვები  საქართველოს  ისტორიას, მის ტრადიციებს, კულტურასა  და  ხელოვნებას  სწავლობდნენ.  ცენტრის  მთავარი მიზანი სამშობლოს მონატრებული ადამიანებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უცხო ქვეყანაში მოზარდი თაობის ქართული სულისკვეთებით  აღზრდა  გახდა.

 

2006 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში მუშაობს ქართული ენის  შემსწავლელი  კურსები უცხოენოვანი მსმენელებისათვის. კურსებზე  ქართულ ენას  სხვადასხვა დროს ასწავლიდნენ მარინა ბეჟანიშვილი და  სოსო  ჩოჩია. იმ დროიდან  მოყოლებული დღემდე ქართულს, როგორც უცხო ენას, ასწავლიან დავით თოდუა, ქეთევან ლატარია, ეკატერინე ადეიშვილი, მარინა დონაძე და ლალი გადელია. დღეს მათი ხელმძღვანელობით სტაბილურად მუშაობს ექვსი ჯგუფი. ათობით  მსმენელმა  წარმატებით გაიარა კურსები და კვალიფიცირებული თარჯიმანი გახდა.  

 

საკვირაო  სკოლაში არსებული   ქართული ხალხური ცეკვის წრე  2005 წელს  ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიელად“  ჩამოყალიბდა.  ანსამბლში  წლების მანძილზე  არაერთი  თაობა აღიზარდა.

 

2005 წლიდან  ანსამბლ  „იბერიელს“  ქორეოგრაფი  მაკა ლომსაძე ჩაუდგა  სათავეში.    მისი  დაუღალავი  შრომითა  და  ბავშვების  დიდი  მონდომებით  ანსამბლმა  უამრავ  საქალაქო, რესპუბლიკურ  თუ საერთაშორისო  ფოლკლორულ ფესტივალში  მიიღო  მონაწილეობა  და  არაერთი   ჯილდო   და  პრიზიც   მოიპოვა. სწორედ ამ მუხლჩაუხრელი  შრომის  შედეგი  გახდა  ის, რომ   2011  წლის  დეკემბერში უკრაინის   პრეზიდენტის  ბრძანებით  მაკა  ლომსაძეს  უკრაინის ხელოვნების   დამსახურებული მოღვაწის  წოდება მიენიჭა.

 

ანსამბლი „იბერიელი“   სრულიად   უკრაინისათვის  ცნობილი  სახე  გახდა.  სწორედ ამიტომ 2013  წლის მაისში  მას  უკრაინის სახალხო ამატორული კოლექტივის  წოდება  მიანიჭეს.  ანსამბლ  „იბერიელის“  მონაწილეობით უკრაინაში  სამი  დოკუმენტური ფილმია გადაღებული.

 

2000-იან წლებში ქართულ სათვისტომოში არსებული ქაოსისა და მისგან გამოწვეული სირთულეების აღმოსაფხვრელად 2003 წელს დაარსებულ იქნა უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“.   ასოციაციის   პრეზიდენტი    ბატონი  ბესიკ  შამუგია გახდა, რომელიც დღემდე  სათავეში უდგას მას.  დროთა   განმავლობაში  ქართულ ასოციაციას საკმაოდ რთულ   საკითხებზე  მოუხდა  ყურადღების  გამახვილება.  კერძოდ,  ეს იყო აფხაზეთიდან   დევნილი  თანამემამულეების   პრობლემების  მოგვარების თემა,  ასევე უკრაინაში   ჩამოსული  ემიგრანტების  დახმარების  აუცილებლობა.  სწორედ  ამ მიზნით  2010  წლის  22 მაისს,  შეიქმნა  სრულიად  უკრაინის   საზოგადოებრივი   გაერთიანება  „გეორგია“.  გაერთანების  უპირველესი  მიზანი  სამშობლოდან  მოწყვეტილი   თანამემამულეებს   დახმარება  გახდა.  „გეორგიაში“  თექვსმეტი   რეგიონალური ორგანიზაციაა  გაერთიანებული.


ამგვარი  გაერთიანების   ჩამოყალიბებამ   უკრაინის   სხვადასხვა რეგიონში კულტურული ცენტრების ამუშავებასა და მათ განვითარებას  შეუწყო ხელი.   ორგანიზაციამ   ემიგრანტი  ბავშვების ქართულ ტრადიციებზე  აღზრდა  და    ქართული კულტურის   პოპულარიზაცია   არა  მარტო   კიევში,  არამედ უკრაინის  სხვა ქალაქებშიც შეძლო. 


უკრაინის  ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“ და  სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი   გაერთიანება  „გეორგია“, ბესიკ  შამუგიას  მონდომებითა  და   ძალისხმევით  უკვე 10  წელია  უმაღლესი  ტიპოგრაფიული   ხარისხის   ქართულ-უკრაინულ  ჟურნალ „საქართველოს“  გამოსცემს.   ჟურნალი  მკითხველს  უკრაინაში მცხოვრები  გამოჩენილი ქართველი  ადამიანების ცხოვრებასა და  მოღვაწეობას  აცნობს.  აქვე იბეჭდება ქართულ-უკრაინულ ღონისძიებათა შესახებ  ინფორმაციები. ჟურნალი  გამოდის  საქართველოს  საელჩოს, ასევე  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა  და  უკრაინის  კულტურის  სამინისტროების მხარდაჭერით.


2004  წელს  უკრაინაში  პირველად  ჩატარდა  ქართული  კინოს  ფესტივალი  და  ეს  ტრადიცია  დღემდე  გრძელდება.  უკრაინელები  დიდი  ინტერესით ადევენებენ თვალს ქართულ კინოხელოვნებას. ყოველწლიურად  იზრდება  ქართული კინოს  მოყვარულთა რაოდენობა. კინოფესივალი არამარტო  კიევში, არამედ   უკრაინის   სხვადასვა  ქალაქებშიც  ტარდება. ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი  „იბერიელი“ და სრულიად   უკრაინის  საზოგადოებრივი  გაერთიანება „გეორგია“  ყოველწლიურად   საზეიმო  კონცერტებს  მართავს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.


2010  წლიდან კი  ფესტივალს   აკადემიური   ღონისძიების სახე მიეცა,   ბოლო   ექვსი წლის განმავლობაში  მასში  მრავალმა  ცნობილმა ქართველმა  შემსრულებელმა   მიიღო მონაწილეობა. 


უკვე  მეხუთე   წელია  რაც  ქართული დიასპორა   კიდევ  ერთ მასშტაბურ  პროექტშია  ჩართული.  ეს პროექტი  საელჩოს  ეგიდით ტარდება და ყველასთვის საყვარელ  „თბილისობის“  დღესასწაულს   ეძღვნება,  ამ ღონისძიებაში  ადგილობრივ   შემსრულებლებთან  ერთად  ყოველწლიურად  საქართველოდან  ჩამოსული ცნობილი ჯგუფები  და   მომღერლები  იღებენ   მონაწილეობას.


ქართული  სათვისტომო  ეხმარება   ახალგაზრდა შემოქმედებსაც, ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ  საკუთარი  ნიჭისა  და  მონაცემების  გამოვლენას უცხო ქვეყანაში.  კერძოდ, მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებს.  მათ   აქვთ საშუალება   დიასპორის   ღონისძიებებზე  თავიანთი  ნამუშევრები  წარმოადგინონ.  ამგვარი  ღონისძიებები  დიასპორის  მხრიდან  ყოველთვის  ყურადღების ცენტრშია.


2013 წლის მაისში  კიდევ ერთ კეთილ საქმეს ჩაეყარა საფუძველი.   კიევში, ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში,  პირველი ქართული ბიბლიოთეკა  დაარსდა. ბიბლიოთეკის ფონდი 3000-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის   ქართულ გამოცემას მოიცავს.   


როგორც  ხედავთ, ვიღწვით  და  ვშრომობთ, კვალავაც  ასე გაგრძელებას  ვაპირებთ და სანამ  ემიგრანტი  ქართველები   სამშობლოში   დავუბრუნდებოდეთ ,  კიდევ  ბევრი სიკეთის  გაკეთებას მოვასწრებთ!  ხოლო  სტუმართმოყვარე   უკრაინა  კი  ... გვწამს და  გვჯერა, რომ        ყოველთვის  მიუჩენს  მისი უზარმაზარი  გულის   ყველაზე   თბილ   და   მოხერხებულ  კუთხეს  ჩვენს  პატარა  ქვეყანას – იბერიას...