მთავარი სიახელე

ჩვენ – უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს, როგორც არავის, კარგად გვესმის უკრაინელი ხალხის სატკივარისა და განგაშისა. ამ დიდი გამოცდის ჟამს განზე ვერ გავდგებით. 2008 წელს რუსეთის ფედერაცია თავხედურად დაესხა თავს ჩვენს სამშობლოს მხოლოდ იმის გამო, რომ მან განვითარების ევროპული და ევროატლანტური გზა აირჩია და თამამად იცავდა თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

მტერი, ამჟამად, ჩვენი მეორე სამშობლოს – უკრაინის საზღვრებთანაა და, მიუხედავად იმისა, რომ ვგმობთ ომს, მზად ვართ უკრაინელების მხარდამხარ დავდგეთ და დავიცვათ ამ თავისუფალი ხალხის თავისუფალი არჩევანი. აგრესორი უეჭველად მიიღებს საკადრის პასუხს!

დღეს უკრაინაში სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვა, არა მხოლოდ ხელისუფლების, უკრაინის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ჩვენ, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, ერთიანობა გვჭირდება, არ დავუშვათ არავითარი პანიკური განწყობილება!

მოვუწოდებთ ყველა ეროვნების წარმომადგენელს ერთობის, თანხმობისა და ურთიერთგაგებისაკენ, სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინისთვის ბრძოლაში!

დიდება უკრაინას!

ჩვენს შესახებ

ქართული საკვირაო სკოლა ჩამოყალიბდა 1996 წლის ნოემბერში. ამას წინ უძღოდა კულტურულ-საქველმოქმედო ფონდ „სამშობლოს“ დაფუძნება, რომელსაც დაეკისრა ქართული სათვისტომოს შეკავშირება. ფონდის დამაარსებლები გახდნენ საქართველოს საელჩო უკრაინაში და კიევის ქართული საზოგადოების აქტიური წევრები: მევლუდ ხურციძე, ალექსანდრე მოლოვიჩკო, ანატოლი მილჩენკო, გია ჯოჯუა, ვასო ბერულავა, ირაკლი მუნჯიშვილი, დავით თოდუა. სწორედ ფონდ „სამშობლოს“ მონდომებით შეიქმნა ქართული საკვირაო სკოლა, მასწავლებლებიც – როზა არობელიძე, ნანა ღონღაძე, ამირან ბეჟუაშვილი და ალექსანდრე მოლოვიჩკო – მალე გამოჩნდნენ.

ქართული დიპლომატიური კორპუსის პირველი შემადგენლობის როტაციის შედეგად 1998 წლიდან შემცირდა მხარდაჭერა საელჩოს მხრიდან, იმავდროულად შეწყვიტა ფუნქციონირება კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა „სამშობლომ“. აქედან გამომდინარე პრობლემათა მთელი სიმძიმე დააწვათ როზა არობელიძესა და საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე ამირან ბეჟუაშვილს. სპონსორულ ყურადღებას ამ წლებში საკვირაო სკოლას არ აკლებდნენ ქალბატონი ლალი კილაძე და ბატონი ვასო ბერულავა.

2000 წლიდან  სკოლაში უკრაინის შინაგანი ჯარების ეროვნული აკადემიის სტუდენტებმა, ლევან ჭუბაბრიამ და ზაზა ზაზაძემ, ქართული ცეკვის წრე ჩამოაყალიბეს. გახალისდა სკოლა, წამოვიდა ინიციატივები, გაიზარდა როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა კონტინგენტი. ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას ცნობილი ქართველი მწერალი გურამ პეტრიაშვილი ასწავლიდა.

2003 წლიდან საკვირაო სკოლის მუშაობაში დაწყებითი კლასების პედაგოგი, ფსიქოლოგი ნათია რობაქიძე და ქართული ცეკვისა და სიმღერის პედაგოგი მანანა სულაქველიძე ჩაერთვნენ. ახალგაზრდა პედაგოგი ირინე პეტრიაშვილი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა უკრაინაში მცხოვრები შერეული ოჯახების შვილებს.

2004 წლის 19 სექტემბრის უკრაინის კანონის შესაბამისად, საკვირაო სკოლა რეორგანიზებულ იქნა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. ცენტრს სახელად „იბერიელი“ ეწოდა. სკოლამ მრავალფუნქციური სახე მიიღო და მაღალპროფესიონალური სკოლის დონეზე გააკეთა განაცხადი. გაღრმავდა ქართული ენის სწავლება. ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ბავშვები საქართველოს ისტორიას, მის ტრადიციებს, კულტურასა და ხელოვნებას სწავლობენ. ცენტრის მთავარი მიზანი გახდა სამშობლოს მონატრებული ადამიანებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უცხო ქვეყანაში მოზარდი თაობის ქართული სულისკვეთებით აღზრდა.