საქართველოზე

ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორია 3,5–4 ათასი წლისაა. ჩვენ დღემდე არსებული საზოგადოებრივი ფორმატის ყველა საფეხური გავიარეთ. ადრეკლასობრივი ურთიერთობა ჩვენში ძვ.წ. მეორე ათასწლეულში დაიწყო. მითები პრომეთეზე, მედეასა და არგონავტებზე იმ პერიოდის ერთ-ერთი ქართული სამეფოს, კოლხეთის, სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და მის ძლიერებზე მოგვითხრობს და არქეოლოგიურ მონაპოვრებთან ერთად ადასტურებს შავი მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეზე ძველ კოლხეთში. პირველი ქართული მონეტა – „კოლხური თეთრი“ – მოჭრილია ძვ.წ. მე–6 საუკუნეში.


ქართული სახელწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის მეფე ფარნავაზ I-ს, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკურ სიძლიერესთან ერთად, ქართული სალიტერატურო ენისა და მწიგნობრობის განვითარებასაც შეუწყო ხელი.


ქართული ერთ-ერთია იმ უძველეს დამწერლობათაგან, რომლებიც ცნობილია დღევანდელ მსოფლიოში.


საქართველოს ისტორია განუყოფელია ქრისტიანობისაგან. თავდაპირველად ქრისტიანობა საქართველოში იქადაგა იესო ქრისტეს მოწაფემ, ანდრია პირველწოდებულმა, რომელიც საქართველოში უფლის ნებით ღვთისმშობელმა მოავლინა და თან თავისი შექმნილი ხატი გამოატანა. ანდრიამ ქალაქ აწყურთან პირველი ქართული საეპისკოპოსო დაარსა. მოციქულმა საქართველოში სამჯერ იმოგზაურა ქადაგებით ახ.წ. 34, 41, 44 წწ. მესამე მოგზაურობისას მან თან ჩამოიყვანა სიმონ კანანელი და მატათა. საქართველოში უქადაგიათ ბართლომეს, თომასა და თადეოზს.

 

ამგვარად, 12 მოციქულთაგან საქართველოში უქადაგია ექვსს. ორი მათგანი საქართველოში დაუსაფლავებიათ, სიმონ კანანელი – ახალ ათონში, მატათა – გონიოს ციხესიმაგრეში.


ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს, ქადაგების შედეგად 317-318 წწ. გამოცხადებულა, ხალხის მასობრივი ნათლობა კი მომხდარა 324-326 წლებში (ვახუშტი ბაგრატიონის ვერსიით).

 

როცა ქართველი ერის უდიდეს სიწმინდეებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესი წმიდათა წმიდა საუნჯე ჩვენთვის იყო, არის და იქნება ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია – თვით ღვთის მიერ ამქვეყნად დაფუძნებული ცხოვრების წყარო, ჩვენი ხსნის, შემოქმედთან დაბრუნებისა და სამარადისო ბედნიერი არსებობის დასამკვიდრებელი გზა და საშუალება. სხვა ყოველივე კი მხოლოდ ნაწილია ამ უდიდესი საუნჯისა. საქართველოში უამრავი ქრსტიანული სიწმინდე არსებობს:

 

გამორჩეული სიწმინდეა უფლის კვართი, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და სიმბოლურად მსოფლიო ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობას გამოხატავს.


უდიდესი სიწმინდეა ზუგდიდში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი კვართი.


წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა, დაცული სიონის საკათედრო ტაძარში.


წმიდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი, დასვენებული ასევე სიონის ტაძარში.


უდიდესი საღმრთო ძალის მომნიჭებელი სიწმიდეები, რწმენისათვის წამებულთა და ღვთის სხვა სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები, სათუთადაა დაცული ბევრ ჩვენს ეკლესია-მონასტერში.


უდიდესი სიწმიდეებია უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანთა აღურაცხელი ხატები, დასვენებულნი ჩვენს ყველა ეკლესიაში, მონასტერში, მომცრო საყდრებსა თუ ოჯახებშიც კი.


და ბოლოს, ჩვენი უდიდესი საგანძური, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც ანჩისხატი ჰქვია და მის სახელზე თბილისში საგანგებოდ ეკლესიაა აგებული.


ყველა ამგვარი საეკლესიო სიწმიდის უბრალო ჩამოთვლასაც კი რამდენიმე საგაზეთო ფურცელიც არ ეყოფოდა!... ამიტომაც გახდა საქართველო ტურიზმის ქვეყანა. ტურიზმში იგულისხმება დასვენება, ახალ გარემოსთან შერწყმა, განსხვავებულ კულტურასა და ტრადიციებთან გაცნობა და რაც მთავარია ერთფეროვანი ყოველდღიურობის ახალი შეგრძნებებით ჩანაცვლება.


სწორედ ამ ბუნებრივ მოთხოვნილებათა გამო ტურიზმი ჩვენში გლობალური საქმიანობა გახდა. დღესდღეობით ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფერო და სწრაფად მზარდი სექტორია. ყოველწლიურად საქართველოს ათასობით ტურისტი სტუმრობს.

 

საქართველოს ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი. ჩამოსულ ტურისტებს არჩევანი დიდი აქვთ: დასვენება ქვეყნის მაღალმთიან რეგიონში, ზღვის სანაპიროზე , მინერალურ წყლებზე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე.

 

ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, რომელიც დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია იყო თავისი ბუნებრივი სამკურნალო ადგილებით, ამჟამად ჩვენთან 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებში მდებარეობს.


ბოლო წლების მშენებლობათა შედეგად საქართველოს გზები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკუეთესო გზებად არის მიჩნეული. მაგრამ ტურისტთა ინტერესს, რა თქმა უნდა არა მხოლოდ ბუნება განაპირობებს. დიდ როლს თამაშობს ქართველთა სტუმართ-მასპინძლობის უნიკალური თვისება. ჩვენი ტრადიციები და კულტურა ოდითგანვე ითვლებოდა ჩვენი ქვეყნის სტუმართათვის მოწონებისა და აღფრთოვანების მიზეზად.


საქართველოს ისტორიაში მრავლადაა ისეთი ფაქტები, როცა ქვეყანა სოციალურ-კუტურულ აღზევებას განიცდიდა. ერთ-ერთი ასეთი პერიოდი უკავშირდება მეფე დავით აღმაშენებელს (1089-1125 წწ.), რომელიც ქართული სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოა დღემდე. მისი მეფობის დროს აშენდა მრავალი კულტურული ძეგლი, რომელთა შორის ერთ-ერთი უმშვენიერესი, გელათის მონასტერია. დავით აღმაშენებლის დაწყებული საქმე მისმა შვილთაშვილმა, მეფე თამარმა, გააგრძელა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა. მისი მოღვაწეობის დროს შეიქმნა უამრავი ხელოვნების ნიმუში, რომელთა შორის განსაკუთრებულია მსოფლიო დამწერლობის უდიდესი ქმნილება – „ვეფხისტყაოსანი”. საქართველოში გმირ მეფეთა დიდი ნუსხა არსებობს, რომელთა შორის ერთ-ერთი უდიდესი ადგილი ერეკლე მეორეს (1744–1962 წწ. ქართლის მეფე, 1762–1798 წწ. ქართლ-კახეთის მეფე) უკავია. მან 78 წლის ასაკში 80-მდე ბრძოლა გადაიხადა და მათგან მხოლოდ ორი წააგო. მის სახელს უკავშირდება 1783 წ. რუსეთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატიც, რომელმაც საბედისწერო როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში და მფარველობის ნაცვლად ქართველმა ერმა რუსეთისაგან მონობა მიიღო, რომლის შემდეგ საქართველომ მხოლოდ 1918 წლის 26 მაისს მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა მხოლოდ 3 წლით და 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.


საქართველოს უახლესი ისტორია 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობით იწყება, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, უკავშირდება. 2003 წლის 23 ნოებრის ვარდების რევოლუციამ კი კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა მსოფლიოს ქართველი ხალხის სწრაფვა დემოკრატიისადმი.

 

ილია წერდა: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის თითქმის ყველა ფურცელი სამაგალითო და საამაყოა ჩვენი ერისათვის: უამრავი სახელოვანი მეფე, სანატრელი ეპოქა თუ ოქროს ხანა, არაერთი მოუგებელი ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსული ქართველი მეომრები, უთვალავი გმირი. იყო დრო, როცა ჩვენი ქვეყნის საზღვრები „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ იყო გადაჭიმული.

 

დღეს, როცა ამის შესახებ ვკითხულობთ, დაჯერებაც კი გვიჭირს. საუკუნე-ნახევრის წინ გრ. ორბელიანი ქართველობაზე წერდა:
„ერი პურადი, გულადი,
მებრძოლი შავის ბედისა“, –
რომლის ანდამატივით მტკიცე გული ვერანაირმა ტრაგედიამ თუ გაჭირვებამ ვერ გატეხა, და დარჩა,–
„იგივ მხნე, იგივ მდიდარი,
მოყვარე თავის ქვეყნისა“


ჩვენ გამოგვივლია გზა დიდგორიდან ცხინვალამდე, აფხაზთა სამეფოდან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკამდე. ხოლო ნიკოფსია-დარუბანდის საზღვრები სამწუხაროდ, ენგურსა და ალაზანს შორის შეგვიკვეცეს ჩვენმა „ერთმორწმუნე მეგობრებმა“.


ჩვენ გამოვიარეთ 1795, 1801, 1811, 1924 წლები, 9 აპრილი, გადავიტანეთ აფხაზეთის ომი რუსეთთან, ვერც აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს გადავურჩით...
და გვაქვს დღეს საქართველო – უსაინგილოდ, უაფხაზეთოდ, უცხინვალოდ. ჩვენ აღარ გვეკუთვნის: „ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო...“ და არც ქართული ცაა ისე „მაღალი“, ქართველი ერი კი ისეთი ამაყი, როგორც ოდესღაც... მაგრამ ჩვენ გვაქვს ქვეყანა, ღვთიშობლის წილხვედრი პატარა საქართველო, რუსეთის მიერ ოკუპირებული, მაგრამ მაინც იმედიანი, ლამაზი ახალგაზრდებით, დიდი წარსულით და ნათელი მომავლით.


ისტორიულად მებრძოლ ერს არ შეიძლება დააკარგვინო თავისუფლების წყურვილი, ამიტომაც თვითოეულ ქართველს ღრმად გვჯერა და ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს მამულს, ჩვენს ქვეყანას არავის დავუთმობთ, და თუ რამე ძალით დაგვათმობინეს, მოგვერივნენ , ხიშტი ყელთან მოგვაბჯინეს არაუშავს, ეს დროებითია, სიმართლე ჩვენსკენაა და ამიტომაც ერთ გოჯსაც არავის შევარჩენთ და არასოდეს არ გავცვალით მას „სხვა ქვეყნის სამოთხეზე“.


ჩვენი ერის საამაყო მამულიშვილმა აკაკი ბაქრაძემ ბრძანა: – „თუ ვინმეს უნდა ქართველი ხალხის სიმბოლური სახე გამოხატოს, სურამის ციხეში ჩატანებული, უპერანგო, ღარიბ-ღატაკი ბიჭი უნდა გამოძერწოს, რადგან ჩვენი ერის ძალა არასდროს ყოფილა სიმდიდრე. ქართველი ერის ძალა ღირსება, პატიოსნება, თავგანწირულობა და მოყვასისათვის თავდადება იყო“.